თეგი: ღვინის ეროვნული სააგენტო

ღვინის ეროვნული სააგენტო: აშშ-ში, ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის, ორგანული ღვინოების წილობრივი მაჩვენებლით საქართველო ლიდერობს

აშშ-ში, ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის, საქართველო ლიდერობს ორგანული ღვინოების წილობრივი მაჩვენებლით, – აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ორგანიზაციის (American Association of Wine Economists – AAWE) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში საქართველოდან იმპორტირებული ღვინის 11.3%-ს ორგანული ღვინის სერტიფიკატი აქვს, რითიც პირველ ადგილს იკავებს ამერიკის ბაზარზე მთავარ იმპორტიორ ქვეყნებს შორის; მეორე ადგილზეა ავსტრია – 7.4%-ით, მესამეზე კანადა – 7.1%-ით. შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია, სადაც, 2021 წელს, განხორციელდა ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი – 1.084.278 ბოთლი ღვინო. ექსპორტის ზრდის ტემპები შენარჩუნებულია მიმდინარე წელსაც: იანვარ-ივლისის მონაცემებით, ექსპორტირებულია 660 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 16%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (American Association of Wine Economists – AAWE) მე-14 წლიური კონფერენცია, 2022 წლის 24-28 აგვისტოს, საქართველოში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს მხარდაჭერით გაიმართება. ასოციაცია აერთიანებს ხელისუფლების და ბიზნესსექტორის წარმომადგნელებს, ეკონომისტებსა და მკვლევარებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს ღვინის ინდუსტრიის ეკონომიკურ კვლევებსა და ანალიზებს, მათ შორის, მარკეტინგის, მოხმარების, წარმოების, მაკროეკონომიკისა და იურიდიულ თემებზე, ასევე, რეცენზიების მომზადებას მევენახეობასა და მეღვინეობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე. AAWE-ის წლიური კონფერენციის საქართველოში ჩატარება კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ საქართველოს, როგორც ღვინის მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყანას, მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. AAWE -ის მე-13 წლიური კონფერენცია, პანდემიამდე, 2019 წელს, ვენაში გაიმართა“, – აღნიშნულია ორგანიზაციის ინფორმაციაში.  

ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში 20 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა

"რთველი 2022-ის ფარგლებში, კახეთში გადამუშავდა 20 ათას ტონამდე ყურძენი. 6 სექტემბრის მდგომარეობით, ღვინის საწარმოებს ყურძენი 1 000-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 16 მლნ ლარს აღწევს", - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, რთველი აქტიურ ფაზაშია დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. გადამუშავებული 20 ათასი ტონიდან 7 ათას ტონამდე რქაწითელი, 9 ათას ტონამდე საფერავი, 2 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 200-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში. 70-მდე კომპანიამ უკვე გადაამუშავა სხვადასხვა მოცულობის ყურძენი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდება. პროგრამის მიზანია სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი და შენარჩუნდეს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების დინამიკა. სუბსიდირების პროგრამის მხარდაჭერით, მოსავლის რეალიზაციას 25 ათასამდე მევენახე ფერმერი შეძლებს. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და ერთ კილოგრამ ყურძენში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 90 თეთრს.  

კახეთის რეგიონში, ღვინის საწარმოებს ყურძენი 16 000-მდე მევენახემ ჩააბარა - ღვინის ეროვნული სააგენტო

26 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში, ღვინის საწარმოებს ყურძენი 16 000-მდე მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 174 მილიონ ლარს აღწევს. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სულ რეგიონში 175,5 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. „ყველაზე დიდი რაოდენობით ყურენი გადამუშვებულია ყვარლის მუნიციპალიტეტში - 47,7 ათასი ტონა, შემდეგია: გურჯაანი - 45 ათასი ტონა, თელავი - 34 ათასი ტონა, სიღნაღი - 20,3 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 11,1 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 6,5 ათასი ტონა, ახმეტა - 6,8 ათასი ტონა და საგარეჯო 3,7 ათასი ტონა. რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 400-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი. ამ ეტაპამდე ყურძნის დაწურვის პროცესში 225 საწარმო იყო ჩართული. ყურძნის დღე-ღამური გადამუშავება 8-9 ათასი ტონის ფარგლებშია. გასული წლების ანალოგიურად, რთველის ორგანიზებულად ჩატარებას, ჩასაბარებელი ყურძნის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფის სამუშაოებს კოორდინაციას რთველის შტაბი უწევს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.  

შიდა ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელები სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება

2023 წლის პირველი იანვრიდან, შიდა ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელები სავალდებულო სერტიფიცირებას ექვემდებარება. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოში წარმოებული და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელის სერტიფიცირება ხელს შეუწყობს ალკოჰოლიანი სასმელის მაქსიმალურ კონტროლსა და სამომხმარებლო ბაზრის ფალსიფიცირებისგან დაცვას, საქართველოში ღვინისა და სხვა ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანი ბაზრის გაფართოებასა და განვითარებას. „ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ქართული ღვინის ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობაა. სააგენტოს მიზანია, ქვეყანაში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელები სრულად აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2023 წლის პირველი იანვრიდან, საქართველოში წარმოებული და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელი, დაცული ადგილწარმოშობის ღვინო და დაცული ადგილწარმოშობის სპირტიანი სასმელის სერტიფიცირება სავალდებულო ხდება. შესაბამისი ცვლილებები „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში“ 2021 წელს შევიდა. ალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი ან რეალიზაციის განმახორციელებელი პირი, ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციისას, ვალდებულია იქონიოს პროდუქციის შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელსაც სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ოქმის საფუძველზე გასცემს, რაც იქნება გარანტი, რომ იდენტიფიცირებული პროდუქცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მის მიმართ განსაზღვრულ მოთხოვნებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, პრემიერის მამის კომპანიასთან ხელშეკრულება გაუქმებულია

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, პრემიერის მამის კომპანიასთან ხელშეკრულება გაუქმებულია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის კომპანიის, შპს „ქართული ფესვების" შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ღვინის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ სახელმწიფო საწარმომ, შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ" იმ ყურძნის შეძენის მიზნით, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან არ იქნებოდა მოთხოვნა, 2023 წლის 29 აგვისტოს ხელშეკრულება გაუფორმა შპს „ქართულ ფესვებს" [რომლის 50%-იანი წილის მესაკუთრე ტარიელ ღარიბაშვილია]. როგორც ამავე განცხადებაშია ნათქვამი, კერძო სექტორის აქტიურობიდან გამომდინარე, არ გახდა საჭირო პროცესში „ქართული ფესვების” ჩართვა და 1 სექტემბერს მას გაუუქმდა ხელშეკრულება. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, „მოსავლის მართვის კომპანიაში" აცხადებენ, რომ „ქართულ ფესვებს" არცერთი კილოგრამი ყურძენი არ ჩაუბარებია, არ მიუღია არანაირი თანხა და ამ ეტაპზე, შესაბამისად, არ არსებობს არც ხელშეკრულება.